Monday, December 24, 2012

სისხლის აღების ტრადიცია

სისხლის აღების აუცილებლობაზე შედარებით მსუბუქად საუბრობენ უფროსების მეთვალყურეობის გარეშე დარჩენილი სკოლის მოსწავლეები და მათზე ცოტათი უფროსი გოგო-ბიჭები - ყველაფრიდან ჩანს, რომ მათთვის ეს ტრადიცია დრომოჭმულია. ამ რიტუალის მიმართ ახალგაზრდების გულის აცრუებაში დიდი როლი ითამაშა იმანაც, რომ ამ ბოლო დროს რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, როცა სისხლის აღების რიტუალის შესრულებისას სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდები მოკლეს.

მაგრამ ნურავინ იფიქრებს, რომ სისხლის აღების ადათი სვანეთში საბოლოოდ წარსულს ჩაბარდა - ასე ნამდვილად არ არის და ზემო სვანეთის უახლოესი წარსულიდან არაერთი მაგალითის გახსენება შეიძლება, როცა რიტუალი წესების
სრული დაცვით აღსრულებულა. ასეთ ფაქტებზე, როგორც იშვიათობებზე, ჯერაც ნაადრევია მსჯელობა.

რასაკვირველია, ამის მიზეზი ფიცხი ხასიათის მქონე სვანების თანდაყოლილი უნდობლობაა ყოველგვარი სიახლისადმი. სიახლე მათთან ”ცუდთან” ასოცირდება, რადგან თავის დროზე, ჯერ კიდევ მეფის რუსეთის, შემდეგ კი საბჭოთა ხელისუფლების დროს, სვანებს სიახლის სახით რისხვას უვლენდნენ ხოლმე. მართალია, ახლა ახალგაზრდები არწმუნებენ უფროსებს, რომ ყველაფერი შეიცვალა, მაგრამ ზოგიერთებს ამის აღქმა მაინც უჭირთ.

სწორედ ამიტომ, სისხლის აღების რიტუალი სვანეთში დღესაც რჩება ძველი ტრადიციის მიმდევართა მთავარ სამსჯავროდ. დღესაც, ისევე როგორც ადრე, არავინ გაამტყუნებს მამაკაცს, რომელიც თავისი მამის მკვლელის ვინაობას თუნდაც დიდი ხნის შემდეგ გაიგებს და გინდაც, მკვლელი დიდი ხნის გარდაცვლილი იყოს, მისი გვარის მამრობითი სქესის მამაკაცს გამოასალმებს სიცოცხლეს. შესაძლოა, მანამდე არც იყო ბაიბურში და მეგობრობდა კიდეც მამამისის მკვლელთა შთამომავალთან, მაგრამ თუ არ იცოდა, ადათი მოკვლის ვალდებულებისგან ათავისუფლებს, აი, თუ გაიგო და მაინც არ მოკლა, მაშინ, უმჯობესია, საერთოდ აიყაროს სვანეთიდან - საყოველთაო ქილიკი ან ზურგსუკან დაცინვა არ ასცდება.

მოსისხლეობის დროს სისხლის ამღებებს თავადაც შეუძლიათ მიიღონ ზომები, ვინმეს დაუკითხავად, რასაც ვერ ვიტყვით სხვა სახის დავებზე. დავა კი სვანეთში, შესაძლოა, ყველაფერზე იყოს: ხარით დაწყებული და ნასოსით დამთავრებული. თუ არასისხლისმიერი დავა ორ, სხვადასხვა გვარებს შორის იწყება, როგორც წესი, ერთ-ერთი თანახმაა, ”კაცები” გამოიყვანოს - ადამიანები, რომლებიც ასაკის მიუხედავად, პატივისცემით სარგებლობენ. მოდავე მხარეს უფლება აქვს დაეთანხმოს ან არ დაეთანხმოს დავის განხილვას ”კაცების”-სანდო პირების თანდასწრებით, მაგრამ, როგორც წესი, ”კაცების” მეშვეობით განხილვაზე უარის მთქმელის მხარეს საზოგადოებრივი აზრი არ დგას, ამიტომაც, უარს ყველა ერიდება.

უნდა დავამატოთ, რომ ერთ-ერთი მოდავის მიერ გამოყვანილი ”კაცი” არ არის ადვოკატის ფუნქციებით აღჭურვილი პირი, რომელიც ”მისი დაცვის ქვეშ მყოფს” გაამართლებს მაშინაც კი, როცა იცის, რომ მტყუანია. სვანები სახელის გატეხას თავის გატეხას არჩევენ და განხილვის დროს უამრავი შემთხვევა ყოფილა, როცა ამა თუ იმ გვარის წარმომადგენელი მის მიერ გამოყვანილ ”კაცს” გაუმტყუნებია ან საკითხის განხილვაში არ ჩარეულია, დუმილი აურჩევია - ეს კი მისი გასამტყუნებელი განაჩენის ტოლფასია.

”ადრე ასეთი განხილვები საკმაოდ ხშირი იყო, ახლა კი შედარებით იკლო,” - ამბობს ლატალელი ნინო წერედიანი, - ”ამის მიზეზი ის არის, რომ იმ თაობის მამაკაცებისგან ახლა ცოცხალი აღარავინაა. ახლაც მესმის ხოლმე აქა-იქ შემდგარი განხილვების შესახებ, მაგრამ ეს ის ძველი სამართალი აღარ არის, არადა, სვანური სამართალი მთელ საქართველოში იყო განთქმული”.

როგორც წესი, განხილვის დაწყებამდე როგორც მთავარი მოდავეები, ასევე მათ მიერ გამოყვანილი ”კაცები” ხატზე დაფიცების რიტუალს გადიან. იფიცებენ არამარტო იმაზე, რომ ტყუილს არ იტყვიან, არამედ იმაზეც, რომ ”მტყუანის დასაცავად ხმას არ ამოიღებენ” - ეს ერთ-ერთი მთავარი პირობაა.

დღეს თითქმის ყველა სვანურ ოჯახში შეხვდებით ”საუფროსო საკარცხულს”, სადაც არცთუ დიდი ხნის წინ მხოლოდ მახვშებს ჰქონდათ მოკალათების უფლება. ბევრ ოჯახში დღეს ეს საკარცხული მხოლოდღა სიმბოლური დატვირთვის მატარებელია. ბევრგან ტურისტებს, მათ შორის ქალებსაც, საკარცხულში არათუ ჩაჯდომის, ფოტოების გადაღების უფლებასაც აძლევენ. ტურიზმის განვითარებამ მესტიასა და დანარჩენ სოფლებს შორის, ჯერჯერობით თითქმის უხილავი, მაგრამ მაინც ბზარი გააჩინა:

”მესტიელები და ჩვენ რამ გაგვყო, მაგრამ მესტიაში უკვე აღარ აქვთ იმის დრო, საქონელს მიხედონ, ფრინველი დააპურონ, სტუმარს სვანური ადათის მიხედვით დახვდნენ”, - ამბობს 63 წლის ლერი არღვლიანი, - ”ისინი მხოლოდ იმაზე არიან გამეცადინებულები, უცხოელი ტურისტები სახლში მიიყვანონ, მათთვის შესაფერისი საუზმე და სადილი გაუმზადონ, თუ საჭიროა, მეგზურობა გაუწიონ, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, მჟავე წყლები დაათვალიერებინონ, აბა, მათ სად სცალიათ, სტუმრებს სვანური სული დაანახონ.

ამიტომაც დიდად არ ვარ აღფრთოვანებული ტურიზმით. ახალგაზრდებს მოსწონთ და ღმერთმა ხელი მოუმართოთ, მე კი მაინც ის ძველებური მირჩევნია... მაშინაც ჩამოდიოდნენ უცხოელები და აღფრთოვანებულები რჩებოდნენ, რადგან სუფთა სვანეთს ხედავდნენ, ალალ სვანურ სულს... მერე რა, რომ კოშკები არ იყო განათებული ღამღამობით, სამაგიეროდ, სვანები ანათებდნენ...”



მოძიებულია:    https://sites.google.com/site/mavnekartulitraditsiebi/siskhlis-aghebis-traditsia

No comments:

Post a Comment